შავკანიანი სტუდენტების ცემა

NGO-ები შავკანი სტუდენტების ცემაზე: საგანგაშოა ინფორმაცია, რომ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სამოქალაქო სექტორი მომხდარს შემაშფოთებელს უწოდებს და სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

"განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩიეს და სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ. მიგვაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს სსკ 342 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ინტერვიუებში, ისინი ხშირად ჩივიან, სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ გულგრილობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რაც თანასწორობის დაცვის მიმართულებით სამართალდამცავი სისტემების არაჯეროვანი ფუნქციონირებისა და დისკრიმინაციული საპოლიციო კულტურის პრობლემაზე უთითებს. შსს-ს განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით არის დაწყებული (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), თუმცა, გამოძიების მიერ არ არის გამოკვეთილი რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საგანგებოდ უსვამს ხაზს (სსკ-ის 53 პრიმა მუხლი) და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს." - წერია განცხადებაში.

არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული სოციალური პრაქტიკების აღმოფხვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მკაცრი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და ასევე მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა გაატარონ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა მათ სისტემებში. სამოქალაქო სექტორი შსს-ს, პროკურატურას და მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს:

1. მიიღოს ადეკვატური და დროული ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;

2. სათანადოდ შეისწავლოს პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი და უზრუნველყოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისთვის მსგავსი ინციდენტების დროს მოქმედების სწორი ინსტრუქციის მიცემა;

3. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და მსხვერპლების დაცვისთვის დროულად გაატაროს ყოვლისმომცველი პოლიტიკა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასთან ერთად, მსგავსი დანაშაულების სისტემური მიზეზების ანალიზს და კომპლექსური პრევენციული სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურას:

1. შეისწავლოს და რეგაირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე.

საქართველოს მთავრობას:

1. უზრუნველყოს საჯარო სამსახურში, ასევე განათლების სისტემაში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც მათ შორის, მოიცავს კომპლექსურ საგანმანათლებლო მუშაობას რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ეთნოცენტრიზმის აღმოსაფხვრელად;

2. შეისწავლოს ის სისტემური მიზეზები, რომელიც დისკრიმინაციულ დანაშაულებსა და დამოკიდებულებებს განაპირობებს საზოგადოებაში და კომპლექსური მიდგომებით უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა."  -წერია განცხადებაში.

განცხადებას 14 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კავშირი საფარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თანასწორობის მოძრაობა

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი -საქართველო

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

ორი დღის წინ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ მოძალადეები მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ კი დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. მისივე თქმით, პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის დასამარცხებლად," - წერს სტუდენტი.

მოგვიანებით კი შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები