გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის სიუჟეტის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

ევროპული საქართველო

გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის სიუჟეტთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. განცხადება ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო. 

სადავო სიუჟეტი გადაცემა P.S.-ს ეთერში 25 მარტს გავიდა. ავტორი თეა ადეიშვილია. სიუჟეტში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხება.

რეზოლუციაზე "ევროპულ საქართველოსაგან" განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც, სიუჟეტის თანახმად, "სანქციების გაურკვევლობის გამო" რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.  

ბოკერია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა, რეზოლუციის საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა, "თუმცა გააცნო საკუთარი შეფასება - რომ ტექსტი გაუგებარია. მან არც ევროპული საქართველოს რესპოდენტთა განმარტება არ გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე - არადა ინტერვიუს დროს საუბარი ამ თემასაც შეეხო", - ნათქვამია მის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მაყურებელს მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა, რადგანაც მიიჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

ასევე, ბოკერიამ მასალის ეთერში გასვლიდან მალევე წერილობითი მიმართვაც გაავრცელა, სადაც გარდა განმარტებისა, მითითებული იყო თხოვნა - ტელეკომპანიას შემდეგ კვირას იმავე გადაცემის ეთერში გამოესწორებინა შეცდომა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეხუთე პრინციპიც, რომელის თანახმადაც მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

კომენტარები