უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში

ჯანდაცვის წარმომადგენელი: რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული

რუსთავი 2

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ელზა ჯგერენაიას თქმით, მინდელის სახელობის შახტა 2017 წლის ივნისის თვეში შეისწავლეს და რეკომენდაციებიც გაიცა კონკრეტულ დარღვევებზე.

"მინდელის შახტა ჩვენ შევისწავლეთ გასულ წელს, ეს იყო ივნისის თვეში. შესაბამისად, გაიცა რეკომენდაციები იმ დარღვევებზე, რასაც მოჰყვა უკვე შემდგომ განმეორებითი ინსპექტირება, მონიტორინგი, სადაც მოხდა შესწავლა, რამდენად იყო გათვალისწინებული შენიშვნები,"- თქვა ელზა ჯგერენაიამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებით შემოწმებისას, რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული.

"განმეორებით მონიტორინგის შედეგად ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციები. მეტ-ნაკლებად, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ზოგადად არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები არ იყო აქამდე,"- განაცხადა ჯგერენაიამ.

დღეს, გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს განუცხადეს, სამთო დარტყმის შედეგად შახტაში ქანები ჩამოიშალა.

კომენტარები