ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. სებ-მა $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ინტერვენციის მიუხედავად, ლარი დოლართან მიმართებით მაინც გამყარდა, გამყარებამ 0.6 თეთრი შეადგინა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.3941 ლარი ღირს. რომ არა სებ-ის სავალუტო ინტერვენცია სავარაუდოდ, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.3 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 2.94 ლარი გახდა.

ეს 2018 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის პირველი სავალუტო ინტერვენციაა.

როგორც წესი ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციას მაშინ ახორციელებს, როდესაც ბაზარზე ლარის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს, თუმცა თითოეულ ასეთი შემთხვაში ბანკი წინასწარ აანალიზებს ინტერვენციის საჭიროებასა და მის შედეგებს. სავალუტო აუქციონის ჩატარების სხვა მიზეზებია: საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. 

სებ-ი განმარტებას არ აკეთებს, თუ რატომ ჩაერია ბაზარზე. 

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

თებერვალ-მარტის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 2.46-2.40-ის ფარგლებში მერყოებდა. 

სავალუტო ინტერვენციების ფონზე იზრდება საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვი $3 მილიარდია. 

კომენტარები