Women in the World

სიმართლე ძალაუფლების პირისპირ - თამარ ჩერგოლეიშვილი Women in the World სამიტზე სიტყვით გამოვა

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 13 აპრილს Women in the World-ის მე-9 საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოვა. მისი მოდერატორი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იქნება. 



პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" ჩერგოლეიშვილის გარდა, კიდევ 3 ჟურნალისტი დაესწრება. 

 

ევგენია ალბაცი - ეროვნებით რუსი, გამომძიებელი ჟურნალისტი, პოლიტიკის მეცნიერი, მწერალი და წამყვანი რადიოში. ის ჟურნალ The New Times-ის მთავარი რედაქტორია.  




ქერი გრასი - ეროვნებით შვედი ჟურნალისტი. 2018 წლის იანვრამდე ის BBC-ის ჩინეთის ოფისს ხელმძღვანელობდა. თანამდებობა გრასიმ ქალ და მამაკაც საერთაშორისო რედაქტორებს შორის განსხვავებული ანაზღაურების გამო დატოვა და BBC-ის ნიუსრუმს დაუბრუნდა. 

 

ეჯე თემელქურანი - ეროვნებით თურქი ჟურნალისტი და მწერალი. 2010-2011 წლებში ის თურქული ტელევიზიის Habertürk TV-ის წამყვანი იყო, საიდანაც ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს. თემელქურანი ორჯერ დაასახელეს თურქეთის "ყველაზე წაკითხვად პოლიტიკურ ჟურნალისტად". მისი სტატიები ასევე ქვეყნდებოდა The Guardian-სა და Le Monde Diplomatique-ზე. 

საერთაშორისო სამიტი 12-14 აპრილს ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცენტრში გაიმართება. ღონისძიება ყოველწლიურია და მასზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან წარმატებულ ქალებს იწვევენ. სამიტზე სიტყვით გამოდიან აქტივისტი, ხელოვანი, დიპლომატი, ჟურნალისტი, ბიზნესმენი და სხვა პროფესიის წარმატებული ქალები. 

Women in the World 2010 წელს დაარსდა. ნიუ-იორკში გამართულ სამიტებს სხვადასხვა დროს ისეთი ლიდერები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი, მელინდა გეითსი, მერილ სტრიპი, ანჯელინა ჯოლი, კრისტინ ამანპური, მალალა იუსუფაზაი, ტომ ჰენკსი, გარი კასპაროვი და სხვები. 

წელს ღონისძიებას Women in the World სამიტის დამაარსებელი, თინა ბრაუნი გახსნის. ბრაუნი პოპულარული ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. 25 წლის ასაკში ბრაუნმა კარიერა Tatler-ის რედაქტორობით დაიწყო. 1984-1992 წლებში ის ჟურნალ Vanity Fair-ის მთავარი რედაქტორი იყო, 1992-დან 1998 წლამდე კი New Yorker-ის. 2010 წელს თინა ბრაუნმა The Daily Beast დააარსა, რომელიც 2013 წელს დატოვა, რათა შეექმნა პლატფორმა Tina Brown Media. ის არაერთი გახმაურებული სტატიის ავტორია. ამასთან, 2007 წელს გამოსცა წიგნი, სახელწოდებით "დიანას ქრონიკები", რომელიც პრინცესა დიანას ცხოვრებას ეხება. 



პანელის "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" გარდა, 3-დღიან სამიტზე კიდევ 30-მდე პანელი იქნება, სადაც პოლიტიკურად აქტიური და გავლენიანი ქალები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

წელს სამიტს დაესწრებიან ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან:



მაია მასკი - ცნობილი მოდელი და დიეტოლოგი. ასევე, ენტერპრენიორის, Space X-ისა და Tesla-ს დამაარსებელი, ელონ მასკის დედა. 



ვაიოლა დევისი - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. მიღებული აქვს ოსკარის, ემისა და ტონის ჯილდოები. 



ჯულიანა მარგულისი - ამერიკელი მასხიობი და პროდიუსერი. მიღებული აქვს ემი და ოქროს გლობუსი.



დიან ფონ ფურსტენბერგი - წარმატებული დიზაინერი. ცნობილია თავისი Wrap Dress-ით, ე.წ კაბა ხალათის სტილში. ფურსტენბერგი ამერიკის დიზაინერების საბჭოს პრეზიდენტია. 

კომენტარები