ჟენევის მოლაპარაკებები

დონდუა: ჟენევაში ტატუნაშვილის საქმეზე აბსურდული განცხადებები გაკეთდა

რუსთავი 2

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას თქმით, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს პროვოკაციული განცხადებები. 

"რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც აშკარად მიანიშნებს იმისათვის, რომ ისინი არ არიან მზად წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შეგნებულად აპირებენ ამ მოლაპარაკებების არასწორი მიმართულებით წაყვანას და საბოლოოდ ჩაშლას. თუმცა, საბოლოოზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მთავარი განხილვები იქნება ნაშუადღევს, მაგრამ ის რაც მოხდა დღისით, უკვე მიანიშნებს, იმაზე, რომ თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ არამედ რუსეთი იყო", - თქვა დონდუამ

საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი ჟენევაში დღეს მიმდინარეობს. შეხვედრების მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევაა.

დონდუა ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე აბსურდული განცხადებები გაკეთდა.

„მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც, სამწუხაროდ, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, სრულიად აბსურდულს. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მოხდა მკვლელობა, მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც იყო უკანონოდ დაკავებული. ახლა ჩვენთან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მის დასრულებას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ადამიანი არის ნაწამები და ახლა უნდა მოხდეს ამის გამოძიება და ის ვინც არის დამნაშავე, ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე. რასაც გამოძიება არ სჭირდება, ეს არის ის, რომ პოლიტიკური პარუსიმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი. ეს არის რუსეთის ფედერაცია,“ -თქვა დონდუამ

კომენტარები