მედია

ომბუდსმენი: გაბუნიას გამოთქმული მოსაზრება გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული

რუსთავი 2

გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გამოთქმული მოსაზრება სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით - ეს ომბუდსმენმა განაცხადა. ამასთან, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება გონივრულ ვადებში მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას ყველა ჩადენილ დანაშაულს.

"კონტექსტში საყურადღებოა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისთისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე (დევნა) მუხლები", - აცხადებს ომბუდსმენი. 

ლომჯარიას აპარატი მედიაკავშირ ობიექტივის ჟურნალისტებზე თავდასხმასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების პროცესს. 

"ცალსახად უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გამოთქმული მოსაზრება სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ამასთან, სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ გამოძიება გონივრულ ვადებში მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას ყველა ჩადენილ დანაშაულს. ამ კონტექსტში საყურადღებოა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე (დევნა) მუხლები.

მედიით აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია 2018 წლის 20 მარტს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე. მოცემულ საქმეზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების პროცესს",- აცხადებს სახალხო დამცველი. 

გიორგი გაბუნიას თავს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ - მას რუსთავი 2-ის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. თავდამსხმელების აგრესიის მიზეზი გაბუნიას მონოლოგია - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

რაც შეეხება მედიაკავშირ ობიექტივს - გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა 20 მარტს მიაყენეს - ჟურნალისტები დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ და ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას იღებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. სხეულის დაზიანებების გამო მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

კომენტარები