არჩილ ტატუნაშვილის საქმე

კალაძე: ოკუპაციას შეწირულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისში გაშენდება პარკი

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში ოკუპაციის შედეგად დაღუპულების სახელობის პარკი გაშენდება. კალაძე აღნიშნავს, რომ პარკში მემორიალიც განთავსება. 

"ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა. 

ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არა მარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება - მათი ხსოვნის უკვდავყოსაყოფად თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც. 

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს. საქართველო გმირების ქვეყანაა" - დაწერა კალაძემ Facebook-ში.

აქვე შეგახსენებთ, რომ manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა, რომელიც მიზნად ისახავს, თბილისში, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, მოსკოვის გამზირის სახელწოდებასთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ქართული ოცნების დეპუტატის განმარტებით, გამზირისთვის სახელის გადარქმევას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მან აღნიშნა, რომ "საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე. გვაქვს გარკვეული ვერსიები. რაც შეეხება გმირებს, 2008 წლიდან დაწყებული, რუსულ აგრესიას ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა და თბილისში ამ გმირების სახელობის უკვე ათობით ქუჩა გვაქვს“.

კომენტარები