ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, უმცირესობა მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. უმცირესობის დეპუტატის სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ჟენევის ფორმატის შემდეგი რაუნდი და ქვეყნის სტრატეგია.

"ევროპულ საქართველოს აქვს სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე. საქმე ეხება, როგორც ყველამ იცით, ძალის არ გამოყენების ე.წ. პოლიტიკური დეკლარაციის მიღებას და იმ ურთიერთგამომორიცხავ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა ამასთან მიმართებით.

ძალის არგამოყენების საკითხი ჟენევის დისკუსიებში იყო ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური საკითხი. საქართველომ თავის მხრივ შეასრულა ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. ერთადერთი მხარე, რომელიც რჩებოდა და რომელსაც უნდა აეღო ეს ვალდებულება, იყო რუსეთის ფედერაცია.

ჟენევაში მთელი მუშაობა იყო მიმართული იქით, რომ რუსეთს აეღო ეს ვალდებულება და რუსეთის მიერ ამ ვალდებულების აღების შემდეგ, უნდა მომხდარიყო ამ პოლიტიკური დეკლარაციის მიღება. ეს იყო პოზიცია და სტრატეგია, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა. თუ ახლა იგეგმება ამ პოლიტიკური დეკლარაციის მიღება, ისე რომ არ ხდება რუსეთისთვის ამ იურიდიული ვალდებულების მინიჭება, და თუ არ ხდება მანამდე რუსეთის მიერ ამ ვალდებულების აღება, მაშინ ეს არის გაუგებარი და ისმის კითხვა - რეალურად რას მოგვიტანს ეს განცხადება" - განაცხადა კაპანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, საპარლამენტო უმცირესობა საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრას სთავაზობს.

"თავად აარჩიოს ფორმატი და ისაუბროს ჟენევის დისკუსიის შემდეგ რაუნდზე საქართველოს სტრატეგიის შესახებ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის, ეს არის თემა, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიზებული, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების თემაა" - თქვა კაპანაძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის თქმით, "ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ისეთი განცხადება მივიღოთ, რომელიც ჩვენს მიზნებსა და სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება და, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ხელმოწერა არაფერზე იგეგმება. ეს განცხადების ტექსტზე მოლაპარაკებაა".

კომენტარები