არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

ენმ: გამოვდივართ ინიციატივით, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საპარლამენტო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, აცხადებს, რომ გამოდის ინიციატივით, თბილისში მოსკოვის გამზირი ტატუნაშვილის სახელობის გახდეს.

ინიციატივის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ისაუბრა:

"მინდა გაგაცნოთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც არის საზოგადოებრივი ინიციატივა და ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილი. როდესაც საქართველოში რუსული ინტერესის ინტენსიური შემოჭრაა, ჰიბრიდული ომია, როდესაც ოკუპანტები იტაცებენ, კლავენ და ცხედრის გადმოცემაზე ვაჭრობენ, ჩვენ საქართველოს დედაქალაქში მოსკოვის გამზირი გვაქვს. ეს არის ორი სრულებით შეუთავსებელი რამ. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, სახელი გადაერქვას თბილისში მდებარე მოსკოვის გამზირს და დაერქვას საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის სახელი“, - თქვა ვაჩეიშვილმა.

მანამ, სანამ ნაციონალური მოძრაობა ამ ინიციატივას წამოაყენებდა, ანალოგიური მოთხოვნით ონ-ლაინ პეტიცია გავრცელდა - მოქალაქეები მას ხელს გუშინდელიდან აწერენ. პეტიციის ავტორი მოქალაქე ლადო გოგოლაძეა და მას ამ დროისთვის 2 100-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

21 მარტს საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის შესახებ უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა.

რეზოლუცია, რომელიც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ასე ითვალისწინებს ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნას. სია "მაგნიტსკის სიის" მსგავსი იქნება. მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ.

კომენტარები