არჩილ ტატუნაშვილის საქმე

"ოცნების" წევრი: მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე ვმუშაობთ, გვაქვს ვერსიები

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, მოსკოვის გამზირის სახელწოდებასთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ქართული ოცნების დეპუტატის განმარტებით, გამზირისთვის სახელის გადარქმევას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მისი თქმით, მათ შორის, გასათვალისწინებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც აღნიშნულ გამზირზე ცხოვრობენ.

"საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე. გვაქვს გარკვეული ვერსიები. რაც შეეხება გმირებს, 2008 წლიდან დაწყებული, რუსულ აგრესიას ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა და თბილისში ამ გმირების სახელობის უკვე ათობით ქუჩა გვაქვს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ცნობისთვის, ვებსაიტზე manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა, რომელიც მიზნად ისახავს, თბილისში, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. 

"მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა ყველაზე ლამაზი გახდება მთელ დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის,"- წერია პეტიციის ტექსტში. 

პეტიცია 21 მარტს, მოქალაქე ლადო გოგოლაძემ შექმნა და ამ დროისთვის 1 258 ადამიანი აწერს ხელს. სულ 10 000 ხელმოწერაა საჭირო.

პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ აქ.

გაფრთხილება: საიტზე არსებული ხარვეზის გამო, შესაძლოა, ლინკზე გადასვლა რამდენიმე წუთით გაჭიანურდეს.

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტმა სამართალდამცავებმა არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს გადასცეს, საიდანაც მხოლოდ გუშინ, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს.

კომენტარები