არჩილ ტატუნაშვილის საქმე

პეტიცია: მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი

ამერიკის ხმა

ვებსაიტზე manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა, რომელიც მიზნად ისახავს, თბილისში, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. 

"მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა ყველაზე ლამაზი გახდება მთელ დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის,"- წერია პეტიციის ტექსტში. 

პეტიცია 21 მარტს, მოქალაქე ლადო გოგოლაძემ შექმნა და ამ დროისთვის 5 917 ადამიანი აწერს ხელს. სულ 10 000 ხელმოწერაა საჭირო.

პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ აქ.

გაფრთხილება: საიტზე არსებული ხარვეზის გამო, შესაძლოა, ლინკზე გადასვლა რამდენიმე წუთით გაჭიანურდეს.

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტმა სამართალდამცავებმა არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს გადასცეს, საიდანაც მხოლოდ გუშინ, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს.

კომენტარები