ტატუნაშვილის საქმის რეზოლუცია

ენმ-მ და პატრიოტთა ალიანსმა ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

სასჯელაღსრულების სამინისტრო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანმა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ერთობლივ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. 

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, პარტიას რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით 2 შენიშვნა ჰქონდა, რის არგათვალისწინების გამოც, პარტიამ რეზოლუციის პროექტის, სახელწოდებით "რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადმიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.  

"ჩვენ მოვისმინეთ დასკვნითი სიტყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყველა შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ამ რეზოლუციას ერთსულოვნად უყრის პარლამენტი კენჭს. ამ განცხადებით შეიძლება მოსახლეობა შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენ მიერ დასახელებული იყო სამი შენიშვნა, აქედან ორი არ იქნა გათვალისწინებული.

1. სია ფაქტობრივად არის მკვდრადშობილი. რეალურად მასში შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომელიც არის მსჯავრდებული ანუ ციხეში ზის და მათ ისედაც რაში სჭირდებათ ვიზები? და ბრალდებულები ანუ ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ძალიან ვზღუდავთ სიაში მოსახვედრთა კატეგორიას და ფაქტობრივად ეს სია იქნება უმოქმედო და მას არავითარი ეფექტი არ ექნება.

2. მეორე შენიშვნა იყო ის, რომ საქართველოს მთავრობას დაეწყო მუშაობა ევროკავშირთან, აშშ-სთან და ჩვენს მეგობრებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების თაობაზე, 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო. ისევე როგორც მინსკი 2-ის ხელშეკრულების დარღვევის გამო, უკრაინის ამბებთან დაკავშირებით, დაწესებული იქნა სანქციები. ამის შესახებაც არ არის საუბარი. ასე რომ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ შემთხვევაში თუ ჩვენი შენიშვნები იქნებოდა გათვალისწინებული.

აქედან გამომდინარე და გამომდინარე ამ რეზოლუციის სულისკვეთებისა, არ გვინდა, რომ წინააღმდეგ მივცეთ ხმა, მაგრამ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ რეზოლუციას დავუჭერთ მხარს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ვიკავებთ თავს, არ ვიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში,"- თქვა გოცირიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

106-0 - კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა უმრავლესობის და უმცირესობის ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ევროპული საქართველოს რეზოლუცია, გარდა ამ ფაქტორებისა, დამატებით ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია "მაგნიტსკის სიის" მსგავსი იქნება. მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ, გუშინ გადმოასვენეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

კომენტარები