უკანონო ჭრა

გარემოს დაცვა: სახელმწიფო ელექტროსისტემის კონტრაქტორმა კომპანიამ 110 ძირი ხე მოჭრა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“, 110 ძირი ხე მოჭრა, აქედან 103 - ფიჭვის სახეობის, 6 - თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოჭრილი ხეებიდან არც ერთი არ შედის წითელ ნუსხაში.

"მოჭრილი მერქნული რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნოს. ამ ეტაპზე, დგინდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები