არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახში ექსპერტიზის შემდეგ გადაასვენებენ

რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ ლევა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მას ოჯახში სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დააბრუნებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო თანასწორობის და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა უთხრა. 

„დღეს საღამოს, წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოგვეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში. ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას - ღირსეული პატივი მივაგოთ მას“, - თქვა ციხელაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნეს. ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის საგუშაგოდან, წითელი ჯვრის დახმარებით გადმოასვენეს. 

ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოასვენებდნენ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტომ რამდენიმე საათის გაავრცელა. 

მათი ცნობით, ცხედართან ერთად საქართველოს მთავრობას ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს გადმოსცემენ, რომელიც ტატუნაშვილის ცხედარს რუსეთში ჩაუტარდა. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

კომენტარები