არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ერგნეთის საგუშაგოზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან

რადიო თავისუფლება

ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შესულია სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო თანასწორობის და შერიგების საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ასევე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახა ქემოკლიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი. 

ერგნეთში მიემგზავრება საქართველოს სახალხო დამცველიც. 

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ერთი მანქანა უკვე გადმოვიდა. 

ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოასვენებდნენ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტომ რამდენიმე საათის გაავრცელა. 

მათი ცნობით, ცხედართან ერთად საქართველოს მთავრობას ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს გადმოსცემენ, რომელიც ტატუნაშვილის ცხედარს რუსეთში ჩაუტარდა. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და მოკლეს - გატაცების მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, რამდენიმე დღე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

კომენტარები