ე.წ გირგვლიანის შესწორებები

კობახიძე: "გირგვლიანის შესწორებებით" დანაშაულის ახალი კატეგორია დადგინდება

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ე.წ გირგვლიანის შესწორებების ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ კანონპროექტით დანაშაულის ახალი კატეგორია დადგინდება, რომელიც "დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც  ყველას ძალიან კარგად გვახსოვს".

„უახლოეს დღეებში მოხდება კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირება. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია და ეს დანაშაულის კატეგორია დაფუძნებული იქნება იმ მძიმე წარსულზე, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან. იმისათვის, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს გამეორდეს, ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში", - თქვა პარლამენტის თამჯდომარემ

ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება 29 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ცვლილებები "უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას". თუმცა, მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობს ე.წ გირგვლიანის შესწორებები. 

რა "დანაშაულის ახალ კატეგორიაზეა" საუბარი, არც კობახიძე აკონკრეტებს. 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რა იგულისხმება ე.წ გირგვლიანის შესწორებებში, მას მხარს საქართველოს პრეზიდენტიც უჭერს და პარლამენტს მისი მიღებისკენ მოუწოდებს. 

"პირველ რიგში, მინდა მოუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ "გირგვლიანის შესწორებები", რომელზეც მე სრული მხარდაჭერა გამოვხატე და რომლის თაობაზეც აქტიურ მსჯელობას ველი უკვე ბოლო, ერთი თვეა. შესწორებები, რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში. შესწორებების ეს ინიციატივა არ უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს", - თქვა მარგველაშვილმა 23 თებერვალს. 

კომენტარები