საყოველთაო ინტერნეტიზაცია

ივანიშვილის დაფინანსებით სახელმწიფო ინტერნეტბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდება

2020 წლისთვის მთავრობა ინტერნეტ ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდება - ამის მიზეზი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტია, რომელსაც ქართუ ფონდი აფინანსებს. 

ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი დაახლოებით ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ წელს იწყება. მთავრობის მიერ დაფუძნებულმა კომპანია "Open Net-მა" ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ხაზების გაყვანის ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

ამ ეტაპზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაგეგმილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთის და ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა, რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს დაახლოებით 735 კმ-ს. ინფრასტრუქტურის სამიზნე გეოგრაფიული არეალი მოიცავს 126 დასახლებულ პუნტს.

ლოტი N1 (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია) - ჯამური ღირებულება: 5 790 000 ლარი

ლოტი N2 (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური) - ჯამური ღირებულება: 5 050 000 ლარი

ლოტი N3 (სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთი) - ჯამური ღირებულება: 4 280 000 ლარი

ლოტი N4 (ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი) - ჯამური ღირებულება: 3 930 000 ლარი

16 მარტს ოუფენ ნეტმა წინადადებების მიღების ვადა გადაავადა. სახელმწიფო კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზია 50-მდე კომპანიისგან პროექტის დეტალებზე მიღებული კითხვა. 

2017 წლის 26 დეკემბერს "ოუფენ ნეტმა" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო. ამ შესყიდვის ღირებულებაა 20 მილიონი ლარი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდანვე ირკვევა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტის შეფასებაში დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანია Ernst & Young-იც იყო ჩართული. 

პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტედენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 200 კმ სიგრძის მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. აქედან, ერთი ობიექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მაინც უნდა იყოს არანაკლებ 50 კმ სიგრძის.

ივანიშვილის დაფინანსებით 2 ათას დასახლებულ პუნქტში აშენებული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს დარჩება, რომელიც შემდეგ ღია დაშვების პრინციპით კერძო ოპერატორებს ინტერნეტის მოსახლეობამდე მიყვანის საშუალებას მისცემს. პროექტის განხორციელების შემდეგ მთავრობა ინტერნეტბაზრის მხვილი მოთამაშე გახდება.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ივანიშვილი არ მონაწილეობდა. ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის განხორციელებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა, კერძო კომპანიებმა მასში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

"არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე“, - წარსულში ამბობდა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

პროექტი საქართველოს რეგიონების ფართოზოლოვანი ინტერნეტკაბელებით დაფარვას გულისხმობს, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფუძნებული ააიპ OpenNet-ის საკუთრებაში იქნება. პროექტის განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. პროექტის მიხედვით, ააიპ OpenNet-ი შექმნის ღია დაშვების წერტილებს, რომლებზე წვდომაც ყველა ინტერნეტოპერატორს ექნება. სწორედ ოპერატორებმა უნდა მიიყვანონ კაბელები მოსახლეობამდე და მათ მიაწოდონ საბოლოო პროდუქტი. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა. პროექტის მიხედვით, დღეს დაუფარავი 2.153 სოფლის და 40 ქალაქის კაბელებით დაფარვა მოხდება.

პროექტის თანმდევი რისკები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, პროექტს გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული OpenNet-ის საბაზრო ძალაუფლებაში და შესაბამისად, თავისუფალ ბაზარში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის რისკებში გამოიხატება.

"მნიშვნელოვან პრობლემად უნდა გამოიყოს ინტერნეტბაზრის მოთამაშეებზე და ზოგადად ინტერნეტბაზარზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების გავლენა. ზოგადად, სახელმწიფო ჩარევა და მისი ინტერვენცია ევროკავშირის მიერ მკაცრად კონტროლდება, რადგან მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს კონკურენციის ხელყოფის და ბაზარზე არაჯანსაღი რყევების გამოწვევის გამო", - წერია IDFI-ის კვლევაში.

მოსახლეობის რა ნაწილს აქვს დღეს ინტერნეტთან წვდომა

იმის განსაზღვრა თუ რეალურად მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ინტერნეტზე წვდომა საკმაოდ რთულია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ოპტიკურ ბოჭჯოვანი, კომპიუტერის სპეციალური 4G ადაპტერით, ე.წ. Dial up-ის, სატელიტური ინტერნეტის, xDSL-ის, CDMA-სა და სხვა ტიპის ინტერნეტის აბონენტების რაოდენობაა 749,382. ეს არ ნიშნავს რომ ინტერნეტი მხოლოდ 749,382 პირს აქვს. კომისია მოქალაქეთა რაოდენობას ადგენს აბონენტების ამ რაოდენობის საშუალო ოჯახში მცხოვრებთა რაოდენობაზე გამრავლებით. შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის 63%-ს აქვს. 

თუმცა ეს რიცხვი რეალობას არ ასახავს, რადგანაც ის მობილურ ინტერნეტს არ შეიცავს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოში სულ 5.5 მილიონი ტელეფონია, მათგან 4 მილიონ მოწყობილობას ინტერნეტთან დაკავშირება შეუძლია (სმარტფონია). კომისიის ანგარიშის მიხედვით საქართველოში 2.48 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მობილურ ინტერნეტს. ეს მოსახლოების 67%-ს წარმოადგენს.

ანუ ქვეყანაში ერთის მხრივ არის მობილური ინტერნეტის 67%-იანი დაფარვა, მეორეს მხრივ კი არის ფართოზოლოვანი ინტერნეტის 63%-იანი დაფარვა. იქიდან გამომდინარე რომ ეს ორი რიცხვი სხვადსახვა კატეგორიას აღნიშნავს მათ შორის არსებობს გადაფარვა. ანუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იყენებს როგორც ფართოზოლოვან ისე მობილურ ინტერნეტს. შესაბამისად ინტერნეტზე წვდომის მაჩვნებელი (ან ერთი ტიპის ან მეორე ტიპის) იმაზე მაღალია ვიდრე ეს ოფიციალური რიცხვებიდან ჩანს. თუმცა ზუსტად მისი დადგენა რთულია.

კომენტარები