ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის დააკავეს

France's President Sarkozy attends a meeting with health responsibles at the Brie-Comte-Robert hospital
Philippe Wojazer / REUTERS

დასავლური მედიის ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო დააპატიმრეს. 

ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 2017 წლის თებერვალში დაიწყო. საქმე 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საკითხს ეხება. საფრანგეთის პროკურატურა სარკოზის საარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის დაწესებული ლიმიტის გადაჭარბებას ედავება.

გამოძიების ცნობით, სარკოზიმ, მისი პარტიის დახმარებით, კამპანიისას იმ დროისთვის დაწესებულ ლიმიტს - 22.5 მილიონ ევროს გადააჭარბა. სარკოზის შტაბის მიერ დაქირავებული პიარსააგენტო, „ბიგმალიონი" კი ეჭვმიტანილია 18 მილიონამდე ევროს ყალბი ზედნადების დამზადებაში, რომელსაც კომპანია პარტიის სახელზე აგზავნიდა, მაშინ, როცა რეალურად ამ თანხას სარკოზის კამპანიის ორგანიზებისთვის იღებდა.

გამოძიების მიმდინარეობის მანძილზე სარკოზი ბრალდებებს უარყოფდა. მისი მტკიცებით, კამპანიის ფინანსების შესახებ არაფერი იცოდა. ოფიციალური გამოძიება უკვე დაწყებულია 13 პირის, მათ შორის ბიგმალიონის წარმომადგენლების, წინააღმდეგ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სახელი კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს, თუმცა ოფიციალური გამოძიება მის წინააღმდეგ აქამდე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო - კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ჯერჯერობით გამამტყუნებელი განაჩენი რომელიმე საქმეზე არ დამდგარა.

კომენტარები