ვლადიმირ პუტინი

პუტინი რუსეთს 6653 დღეა მართავს, ეს ბრეჟნევზე მეტია

bloomberg

76%-იანი გამარჯვებით ვლადიმირ პუტინი რუსეთის მმართველად კიდევ 6 წლით აირჩიეს. ყოფილი ჯაშუში პრეზიდენტი 2024 წლამდე იქნება.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის სათავეში 1999 წლის 31 დეკემბრიდანაა, მისი არჩევის დროს დაბადებულები უკვე სრულწლოვნები არიან. უფრო კონკრეტულად კი ის ხელისუფლებაში უკვე 6653 დღე ანუ 18 წელი 2 თვე და 19 დღეა.  მან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით ლეონიდ ბრეჟნევსაც გაასწრო, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 1964 წლის 14 ოქტომბრიდან 1982 წლის 10 ნეომბრამდე, 6602 დღის განმავლობაში იყო.

პუტინი თვრამეტ წელზე მეტია რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაშია. მან სრული ძალაუფლება 1999 წლის 30 დეკემბერს მოიპოვა, როდესაც გადამდგარი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაანაცვლა. პუტინი პრეზიდენტის ვადებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო 2008-2012 წლებში რუსეთის პრემიერმინისტრი იყო, 2012 წლიდან კი ისევ პრეზიდენტის პოსტზეა.

არჩევნებში მეორე ადგილზე 12.59%-ით კომუნისტური პარტიის ლიდერი პაველ გრუდინინი გავიდა, მას 6.07%-ით მოყვება ვლადიმერ ჟირინოვსკი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. ქსენია სობჩაკი 1.48%-ით მე-4 ადგილზე გავიდა. დანარჩენმა 4-მა კანდიდატმა - იავლინსკიმ, ბაბურინმა, სურაიკინმა და ტიტოვმა ხმების 1%-ზე ნაკლები აიღეს. 

ადგილობრივი, მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედიის ცნობით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცათ. ადგილობრივი დემოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, გოლასის მონაცემებით, ათასამდე დარღვევა დაფიქსირდა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ საარჩევნო უბნებზე ვიდეო კამერები დააყენა, რომლის სიგნალიც ლაივ-რეჟიმით გადაიცემებოდა, ამან არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხი ვერ უზრუნველყო და პირიქით, კომიკური სიტუაცია შექმნა, რადგან დაფიქსირდა კამერების ფერადი ბუშტებით დაფარვის მცდელობებიც. ამასთან, როგორც გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე "დამკვირვებლებს" საერთოდ არ შექმნიათ პრობლემა დაუფარავად ჩაეყარათ საარჩევნო ყუთებში უკვე შემოხაზული ბიულეტენები. 

თავის სამადლობელ სიტყვაში, პუტინმა თქვა, რომ ხალხს იმედი აქვს, რომ ის და მას დაქვემდებარებული ხელისუფლება ისევ ისე იმუშავებს, როგორც აქამდე მუშაობდა და სწორედ ამიტომ დაუჭირეს მას მხარი. კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არ აპირებს 100 წლამდე პრეზიდენტის სკამზე ჯდომას. მისი შეფასებით, "ეს სასაცილოა", თუმცა რატომღაც, სასაცილოდ არ მიიჩნევს ფაქტს, რომ ის 2000 წლიდან დღემდე ქვეყნის პირველი პირია. 

კომენტარები