აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-ის სანქციების საპასუხოდ ამერიკის მოქალაქეების "შავ სიას" გააფართოვებს

RIA Novosti

რუსეთი აშშ-ის ახალი სანქციების საპასუხოდ აშშ-ის მოქალაქეების "შავ სიას" გააფართოვებს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიბაკოვმა განუცხადა.

მისივე თქმით ოფიციალური მოსკოვი დამატებითი ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს. რიბაკოვის თქმით მოსკოვს სურს ვაშინგტონთან დიალოგის შენარჩუნება, თუმცა "ამერიკის პოლიტიკური სიჯიუტის" წინააღმდეგ ზომებს მიიღებენ.

"ამერიკელი პოლიტიკოსები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის განადგურებით ცეცხლს ეთამაშებიან, რადგან ამასთან ერთად ისინი გლობალურ სტაბილურობასაც არყევენ." თქვა რიბაკოვმა RIA News-ის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის არჩევნებში ჩარევისა და კიბერთავდასხმებისთვის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები რუსი ეროვნების 19 პირზე და ხუთ ორგანიზაციაზე გავრცელდება. სასჯელი აშშ-ში შესვლის აკრძალვას და შტატებში ქონების გაყინვას ითვალისწინებს. 

ფიზიკურ პირებს შორისაა ის 13 ადამიანი, ვისაც არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს.

სანქციებს დაექვემდებარა „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“ - რუსული „ტროლების ქარხანა“ და ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მას ფინანსურად უზრუნველყოფდა. „პუტინის მზარეულად“ წოდებული პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირია.

სანქციები შეეხება რუსეთის ორ სადაზვერვო სააგენტოს და მათ ზოგიერთ თანამშრომელს.

ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციების დაწესების ვადას 45 დღით გადააცილა, თუმცა ამ დროისთვის ეს რუსეთის მიმართ აშშ-ს არჩევნებში ჩარევისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელია.

კომენტარები