ბოკერია: გაეროს ტრიბუნიდან უნდა ეთქვა პრემიერმინისტრს, რომ "დასაჯეთ მკვლელი"

ჩვენს ხელთაა, რომ ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ თითოეულმა იქ მყოფმა აგრესორმა და მოძალადემ იცოდეს: თუ ასეთ ამაზრზენ დანაშაულს ჩაიდენენ, ან ასეთ დამნაშავეს ხელს დააფარებენ, პერსონალურად იქნებიან მიზანში ამოღებული საერთაშორისო ასპარეზზე, მათი გადაადგილება, მათთან დაკავშირებული პირების ანგარიშები, ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც იქნება. ჩვენ ვეცდებით, მივაღწიოთ მაგნიტსკის სიის ანალოგიას ქვეყნის შიგნითაც და ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში და შეერთებულ შტატებში.

თუ ხვალ და ზეგ სხვებს ეცოდინებათ, რომ ასეთი საქციელის (ტატუნაშვილის მკვლელობის) შემთხვევაში, მათ საერთაშორისო თვალსაზრისით შუბლზე სამიზნე ექნებათ დახატული, ეს არ გამორიცხავს, თუმცა ამცირებს შანსებს, რომ ზეგ იგივენაირი ხალხი ასეთ საზარელ მკვლელობას ჩაიდენს.

რუსეთის ფედერაცია არ არის ჩრდილოეთ კორეა. ოთხოზორიასნაირი შემთხვევის გამო ყველა უმაღლესი დონის ასპარეზზე რუსეთი უნდა ჩავარდნილიყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეს ხომ არ არის არც სტატუსის საკითხი, არც დიდი გეოპოლიტიკის, რომ იქ იდაონ. მკვლელობა მოხდა, გადაღებულია.

გაეროს ტრიბუნიდან რომ გამოდიოდა პრემიერმინისტრი, იქ უნდა ეთქვა, რომ დასაჯეთ მკვლელი. რომც არ დასაჯონ, მომავალში ჩასადენი ასეთი საფრთხის მქონე ადამიანებისთვის ეს იქნებოდა სიგნალი.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გადაცემა აქცენტებში საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის ან მანამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ.

კომენტარები