პროკურატურა

პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულებს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გლდანის ციხე
AFP

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. 

საქმე 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების პატიმრების წამებას, დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას ეხება. 

პროკურატურის ცნობით, სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. 

უწყება აცხადებს, რომ დ.ხ და ლ.ბ N8 დაწესებულებაში შესახლებისას პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით  უსწორდებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდგომ პერიოდში კი ამავე პატიმრებს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდნენ, რაც მიზნად მათ უსიტყვო მორჩილებას ისახავდა. 

"მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარდგენილ იქნა დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ასევე, წარდგენილ იქნა ორ ათეულ ტომად შეკრებილი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები", - აცხადებს პროკურატურა. 

უწყების ცნობით, სასამართლომ დ.ხ და ლ.ბ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 144/3 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლის მე-2 ნაწილით სცნო თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები