თვითმმართველობა

კობახიძე: პატრიარქმა 2013-ში გაუცნობიერებელი ნორმის მიღება თავიდან აგვარიდა

მინდა, საქართველოს პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც სამხარეო თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტების დაშლას და საზოგადოებრივი საბჭოების აბსოლუტურად არასწორი ფორმით ამოქმედებას შეეხებოდა. რეალურად, განცხადებისა და კრიტიკის მიზეზი ეს იყო და არა ის, რომ დეცენტრალიზაცია ხორციელდებოდა. პირიქით, რაც თავის დროზე კეთდებოდა, იმის შედეგი რეალურად, დეცენტრალიზაცია არ იყო. თითოეული ნაბიჯი, რომელიც საბედნიეროდ, შემდეგ აღარ გადაიდგა, აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო და პატრიარქს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად არასწორი განვითარება.

2013 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მცხეთის საკათედრო ტაძარში იქადაგა, სადაც აღნიშნა - "ჩვენი პარლამენტი და ჩვენი ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე, კანონზე. ეს მეტად რთული საკითხია. ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ, დარღვევისკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს." საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც გუბერნატორები ანგარიშვალდებული უნდა გამხდარიყვნენ და უბნების, სოფლებისა და ქალაქების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები უნდა შექმნილიყო. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები