"მე კატეგორიულად არ ვიზიარებ პოზიციას, რომ თბილისის მერი 2014 წლიდან აღარ იყოს პირდაპირ არჩევითი. არ ვიცი, რა ლოგიკას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება", - ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ, დღეს, 16 მარტს გააკეთა.
გიგი უგულავა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტი დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის პრინციპების შესახებ ზოგადია. მისი თქმით, ზოგიერთი მიმართულება "ობიექტურად საინტერესოა", თუმცა საჭიროა დამატებითი კონსულტაციები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
"ეს არის ტყუილი. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო თანასწორი არჩევნებით. საიდან მოვიდა ეს თემა, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა შერგელაშვილმა.
სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ მომავალში ახალი კანონი შეიქმნება, რომლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო არჩეული იქნება პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, ორი წლის ვადით. ასევე პირდაპირი წესით იქნებიან არჩეულები თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელები - გამგებელი სოფელში, თემში და მერი ქალაქში.