თვითმმართველობა

შეტევა თვითმმართველობაზე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში ქართული ოცნების სასარგებლოდ ცვლილებები დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც. დღესდღეობით 31 მუნიციპალიტეტში გვაქვს განსხვავებული სურათი – 25 მათგანში გამგებელი, ხოლო 15 მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა. საკრებულოს წევრები სულ უფრო მზარდი რაოდენობით ტოვებენ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას. ამ ტენდენციიდან გამონაკლისია ქუთაისის საკრებულოს შემთხვევა, აქ ფრაქციიდან გასული ხუთი დეპუტატიდან ორი ნაციონალურ მოძრაობას უკან დაუბრუნდა. ცვლილებების პროცესი რიგ მუნიციპალიტეტებში ღია ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს – ქართული ოცნების აქტივისტები მართავენ აქციებს, აწყობენ პიკეტს. იყო შემთხვევები, როდესაც პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა და ძალადობრივი სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, არ დაწყებულა გამოძიება. პოლიციას საყვედურობენ იმასაც, რომ არ უზრუნველყოფს თვითმმართველობის ორგანოების თავისუფლად მუშაობას.

თვითმმართველობის ორგანოებზე ზეწოლის ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამის გამო საქართველოს ახალი ხელისუფლება უკვე გააკრიტიკა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც ნოემბრის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება. ამ შეშფოთებას უერთდებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და კონსტიტუციის 42-ე მუხლი. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ადგილობრივი თვითმმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მიმართ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან, ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და ვთხოვთ, შეისწავლონ გახშირებული ზეწოლის ფაქტები და სამართალდამრღვევი პირების მიმართ გაატარონ შესაბამისი სანქციები”, – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

სადამდე მიდის პროტესტი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ამის საილუსტრაციოდ ერთ-ერთი უკანასკნელი, მარტვილის ინციდენტიც გამოდგება. აქ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობდა აქცია, რომელშიც ქართული ოცნების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელები და პარტიის მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ. ისინი გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, სამუშაო პროცესი ჩაშალეს და ინვენტარი დააზიანეს, დაამსხვრიეს მინები, ხოლო გამგებლის სავარძელი შენობიდან გადმოაგდეს. მათ გამგეობა პოლიციის ჩარევის შემდეგ დატოვეს, თუმცა შესასვლელის ბლოკირება გააგრძელეს. მანამდე ძალადობრივი

და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლამ. ღია ზეწოლა მიმდინარეობდა სხვაგანაც – მათ შორის, სამტრედიის, მარნეულისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობენ სხვა სახის ზეწოლაზეც, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს, მათ შორის, გადაბირების მცდელობებზე, პერსონალურ მუქარასა და დაშინებაზე, რომ მათთვის არასასურველმა პირებმა დატოვონ თანამდებობები. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ზეწოლაა არა მხოლოდ საკრებულოს წევრებზე, ასევე მათ ნათესავებსა და ბიზნესებზე.

ხელისუფლების ორგვარ ტაქტიკაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პარლამენტში, ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, ერთი სცენარი ისაა, რომ ზოგან აღმასრულებელი ხელისუფლება ახერხებს „აქტივისტები მიუსიოს ნაციონალურ მოძრაობას, ამას დაარქვას ხალხის აზრი და შემდეგ საკრებულოდან მიზანმიმართულად გამოყაროს ნაციონალური მოძრაობის წევრი გამგებლები”. იქ კი, სადაც ეს არ ჭრის, საქმეში მეორე სცენარი ერთვება – გენერალური პროკურატურა, ძირითადად, ფინანსური პოლიცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ ადამიანსაც ასახელებს, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებზე მიმდინარე ზეწოლის ხელმძღვანელად მიაჩნიათ – ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი, რომელიც, მათი თქმით, ზეწოლის პროცესს თბილისიდან მართავს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ის თვითმმართველობების ჯალათადაც მოიხსენია.

„ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე პირადად არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაშანტაჟებით. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი არ გაატარებენ ქართული ოცნებისთვის მისაღებ პოლიტიკას ადგილებზე და არ დატოვებენ ნაციონალური მოძრაობის რიგებს, ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური პოლიცია შევა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვა” მოხდება”, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პარლამენტში, ჩიორა თაქთაქიშვილი.

ამ პროცესების პარალელურად, დააკავეს ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს გადახდა დაეკისრა ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძესაც. მათ თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძესაც. დაკითხვაზე დაიბარეს თბილისისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები და ოზურგეთის გამგებელი. ერთდროულად დაიწყო შემოწმება თბილისის მერიის რამდენიმე უწყებაში.

მიმდინარე მოვლენებს ნორმალურ პროცესად აფასებს ახალი ხელისუფლება და უარყოფს გამოძიების კავშირს პოლიტიკურ მოტივაციებთან. „გამგებლების შეცვლა და ის პროცესი, რაც გამგეობებში მიდის, ნორმალურია. ზოგან იქნება აჟიოტაჟი, ზოგან ეს იქნება ემოციური. მე ვთვლი, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ არ უნდა იყოს ძალისმიერი”, – განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროტესტი მოსახლეობაში ბუნებრივად არსებობს, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა და სიტუაციას ისინი არ მართავენ. ძალთა ბალანსის ქართული ოცნების სასარგებლოდ ცვლილება თვითმმართველობებში კი კანონზომიერად მიაჩნიათ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები 2014 წლამდე არ ჩატარდება. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

მარტვილი
საქართველოში ფილიპ დიმიტროვი – „1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადშია დაგეგმილი და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს”, – მიუთითებს ის.

ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება ზეწოლის დეკლარირებული მხარდაჭერაა. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს ტაბულასთან საუბარში, მთავარი პრობლემა მიმდინარე პროცესებში ალბათ ისაა, რომ ადგილობრივ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არ არის მიწოდებული ძალიან მკვეთრი მესიჯი, რომ ისინი არ იზიარებენ ამ პოლიტიკას, გმობენ ასეთ ფაქტებს და ეს აღარ უნდა გამეორდეს. „გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დონეზე დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართული იყვნენ ამ პროცესებში. მე არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ეს პროცესები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იმართება, მაგრამ ის, რომ არ იყო მკვეთრი რეაგირება, შეიძლება ამ პროცესების წახალისებასაც ახდენდეს”, – ამბობს ლომჯარია.

რაც შეეხება დაკავებებს, ლომჯარია არ თვლის, რომ არცერთ გამგებელს არ ჰქონია გადაცდომა და დარღვევები ნამდვილად უნდა გამოიძიონ. თუმცა, ასეთ პოლიტიკურ გარემოში, როდესაც ახალი ხელისუფლებაა მოსული და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, იმავე პროკურატურას მტკიცების სტანდარტი უფრო მაღალი უნდა ჰქონდეს. მისი გადაწყვეტილებები უფრო დასაბუთებული უნდა იყოს. თუნდაც აღქმის მომენტია მნიშვნელოვანი, როგორ აღიქვამს ამას ჩვენი საზოგადოება, ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოება, – ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ქართველ ამომრჩეველს დემოკრატიის განსაკუთრებით მაღალ ხარისხს დაჰპირდა. გარდა ამისა, კამპანია დააფუძნა იმ კრიტიკაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა. ისინი ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ თვითმმართველობის რეფორმას ასახელებდნენ მეტი დეცენტრალიზაციისა და დამოუკიდებლობის კუთხით. დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნებოდა, თუ გუბერნატორებს, გამგებლებსა და მერებს მომავალში პირდაპირი წესით აირჩევენ. ეს შეთავაზება ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობისგანაც მიიღო. საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი „რეალურ თვითმმართველობებს ეტაპობრივად აამოქმედებენ”.

დღეს ახალი ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის დაწყებას არ ჩქარობს. როგორც ჩანს, სულ მცირე, იმ დრომდე, სანამ მთელ ქვეყანაში მათი პარტიის სასარგებლოდ არ იქნება შეცვლილი სურათი. დღეისთვის კი პარლამენტისთვის უფრო პრიორიტეტული სხვა საკითხები აღმოჩნდა – მათ შორის ის, როგორი სახის პრეზერვატივი შეიძლება მიეყიდოს არასრულწლოვან ახალგაზრდებს.

ის, თუ რამდენად შეძლებს პოლიტიკურ თანაარსებობას ოპონენტ ძალასთან, მათ შორის, თვითმმართველობის არჩეულ წარმომადგენლებთან, საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის დემოკრატიულობის მკაფიო ტესტია. ამას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთშიც. სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ქართული ოცნება მსგავს თანამშრომლობას არც გეგმავს და არც აპირებს.

 

კომენტარები