არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ბოკერია: მგლის თავზე სახარების კითხვით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ძალადობის საპასუხოდ უნდა გადაედგა.

გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთს ტატუნაშვილის საქმეზე დღეს მიმართა და აღნიშნა, რომ "ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვის გაგრძელება ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას". 

„ეს მთავრობა, ივანიშვილის გუნდი მოვიდა დაპირებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით. ეს იყო ცრუ დაპირება და ეს დადასტურდა. იმ პოლიტიკამ, რომელიც მათ აწარმოეს დააზიანა საქართველო - ჩვენი საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგიდან მოხსნით. ახლა მგლის თავზე სახარების კითხვით და ასეთი წერილებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება.

ჩვენ გვჭირდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით თანმიმდევრული, გრძელვადიანი პოლიტიკა კონკრეტული კომპონენტებით. ჩვენ, ევროპული საქართველოს შეთავაზებული გვაქვს ერთი კონკრეტული კომპონენტი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და ველით მმართველი გუნდის პასუხს.

ბევრ ძალადობას ჰქონია ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მიღმა რუსეთის მხრიდან, მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე, როცა ასეთი საზარელი მკვლელობა აღბეჭდილია ფირზე, ეს შემთხვევა ძალიან ძვირი ფასი უნდა დამჯდარიყო რუსეთის ფედერაციისთვის და ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ეს გავაკეთოთ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა და ჩვენს კრიტიკაზე ჰქონდა ძალიან აგრესიული რეაქცია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რათა ახლა მაინც გადადგან ეს ნაბიჯი - ეს წერილი არ არის ეს ნაბიჯი", - ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპულმა საქართველომ მმართველ გუნდს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შედგენა შესთავაზა. მასში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს გატაცებული მოქალაქეების და და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა სახელები შევა და მათი სანქცირება მოხდება. 

პარლამენტში დარეგისტრირებულია მმართველი გუნდის რეზოლუციაც, რომელიც არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ევროპული საქართველო მზადაა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობასთან შეთანხმებით საერთო რეზოლუცია მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნას გაითვალისწინებს. 

კომენტარები