არჩილ ტატუნაშვილის საქმე

გამგებელი ტატუნაშვილზე: სამწუხაროდ, ორშაბათამდე მოლოდინიც აღარ არის რაიმე სიახლის

ამერიკის ხმა

ახალგორის გამგებელის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ორშაბათამდე არანაირი სიახლე არ იქნება. ნუგზარ თინიკაშვილმა მიზეზად ოკუპირებულ ცხინვალში გამოცხადებული დასვენების დღეები დაასახელა. ახალგორის გამგებელი წილკანში, ტატუნაშვილის ოჯახს ეს ინფორმაცია მიაწოდა. 

"დღევანდელი დღე, ხვალ, ზეგ ანუ ორშაბათამდე, ოთხი დღე ცხინვალში არის დასვენების დღეებად გამოცხადებული. სამწუხაროდ, ორშაბათამდე მოლოდინიც აღარ არის რაიმე სიახლის.

უმძიმეს მდგომარეობაშია ოჯახი, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით შედეგი არ არის,“-აცხადებს თინიკაშვილი.

ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ე.წ საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ე.წ ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

უკვე ორი კვირაა, მარიონეტული რეჟიმი ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობს. მათი თქმით, რუსეთმა "სიღრმისეული ექსპერტიზა" უნდა ჩაატაროს, რასაც "სულ მცირე ერთი თვე დასჭირდება". აღსანიშნავია, რომ ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალშია, ხოლო საექსპერტო მასალები - რუსეთში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაში დახმარება საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქსაც სთხოვა. პატრიარქ კირილის გამოგზავნილ წერილზე დაყრდნობით, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხედარი ოჯახისთვის გუშინ ან დღეს უნდა დაებრუნებინათ.

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები