კორუფცია

TI: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორუფციის შესახებ კანონს არღვევს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) განცხადების მიხედვით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს არღვევს. TI-ის შეფასებით ნოზაძის მეუღლის, ლანა მამაცაშვილის მიერ ქართუ ჯგუფიდან მიღებული ყოველწლიური ფულადი საჩუქარი კანონით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება.

"იური ნოზაძის მეუღლეს ლენა მამაცაშვილს 2013-2016 წლებში საჩუქრად 80,500 ₾ აქვს მიღებული შპს „ახალი სერვისისგან,” რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანიაა. კერძოდ, შპს „ახალი სერვისი” იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ" მდებარეობს (ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონში, ი. ჭავჭავაძის გამზ.,N39ა) და საკონტაქტო ელ. ფოსტადაც [email protected] არის მითითებული. კომპანიის მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია შპს „რინგოლდ ფინანს ლიმიტედია.” ამავე მისამართზეა რეგისტრირებული შპს „ფინსერვისი XXI"-ც, რომლის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობამდე, თავად იური ნოზაძე იყო. „ფინსერვისი XXI” ფიგურირებს თბილისის მერიის მიერ ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის განკარგვის კორუფციის ნიშნების შემცველ პროცესში. საყურადღებოა ისიც, რომ იური ნოზაძემ 2016 წელს„ ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა, რის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შპს “ახალი სერვისი” ახლობლების, მსახიობების, მომღერლებისთვის თანხის სახით დახმარების გადაცემის მიზნით შეიქმნა და მისი მეუღლე მას 7-8 წელია იღებს", - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს.

იური ნოზაძე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 2014 წლიდანაა. მისი ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 70 ათასი ლარია. 

ნოზაძის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ის წლების განმავლობაში ქართუ ჯგუფის სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა. 

კომენტარები