არჩილ ტატუნაშვილის საქმე

SPUTNIK: ცხინვალში ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის წინააღმდეგ აქცია გამართეს

Sputnik Russia

რუსეთის მიერ დაფინანსებული sputnik-ossetia.ru-ს ინფორმაციით, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, სადაც სტუდენტები, უფროსკლასელები და ინტელიგენციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ოსური მედია კი ავრცლელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 1989 და 2008 წელს საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდი მოხდა, რასაც ისინი დღეს აპროტესტებენ.

აქციაზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: "ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს ტერორს აფხაზეთის და ოსეთის წინააღმდეგ", "საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილები", "საქართველო პასუხისმგებელია 145 ადამიანს უგზო-უკვლოდ დაკარგვაზე".

"დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ ერთი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება საერთაშორისო დღის წესრიგში დააყენა. მაგრამ ვინ აგებს პასუხს ჩვენს ბიჭებზე, რომლებიც საქართველოში დახოცეს", - ამბობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პარლამენტის წევრი, როზა ვალიევა, sputnik-ossetia-ს ცნობით.

"როდესაც ქართული მხარე აყენებს საკითხს მათი ე.წ გმირის ცხედრის გადაცემის შესახებ, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ჩვენს შვილებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვერ დავიბრუნებთ. სად იყვნენ დასავლეთის ქვეყნები, როდესაც ჩვენ ცეცხლსასროლი იარაღით გვანადგურებდნენ, სად იყვნენ ე.წ დემოკრატები. მათი მხრიდან ჩვენს დასაცავად არც ერთი სიტყვა არ თქმულა", - თქვა აქციაზე ორგანიზაცია Стыр Ныхас-ის წარმომადგენელმა, რობერტ გაგლოევმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Рес-ის ცნობით.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები