რეზოლუცია ტატუნაშვილის საქმეზე

კაპანაძე ტატუნაშვილზე: ჩვენი ამოცანაა პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია

ხვალ პარლამენტის პლენარულ ხდომაზე ტატუნაშვილის საქმის შესახებ რეზოლუციის პროექტები უნდა განიხილონ. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში ორი რეზოლუცია არის დარეგისტრირებული, მათ შორის ერთი უმრავლესობის, მეორე კი უმცირესობის მიერ.

ევროპული საქართველო მზადაა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობასთან შეთანხმებით საერთო რეზოლუცია მიიღოს. 

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გამოუშვას საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

რაც შეეხება უმცირესობის რეზოლუციას, გარდა ამ ფაქტორებისა დამატებით ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ისინი მზად არიან უმრავლესობასთან ერთად მიიღონ საერთო რეზოლუცია მხოლოდ იმის გათვალისწინებით თუ რეზოლუციის პროექტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის ნაწილი დაემატება. 

"ეს რეზოლუცია აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტის საერთო პასუხი იმ დანაშაულზე, რომელი ჩადენილი იქნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლის ერთერთი გამოვლინება იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მანამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების გატაცების და მერე გამოსყიდვის უამრავი ფაქტი. ჩვენ, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა არა მხოლოდ რეზოლუცია უნდა მიიღოს, რომლითაც ეს ყველაფერი იქნება შეფასებული და დაგმობილი, არამედ უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც იმ დაუსჯელობის განცდას შეასუსტებს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აქვთ. ჩვენი წინადადება არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს ე.წ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც იქნება მსგავსი სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ანალოგიური შავი სიებისა, რომელში შესულ ადამიანებსაც არ ექნებათ საშუალება მაგალითად, მიიღონ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული სერვისები, რომელთა მიმართაც იქნება გატარებული კონკრეტული სანქციები ქვეყნის შიგნით და მათი ჩასმა მოხდება ვიზების შავ სიაში ჩვენი პარტნიორების მიერ, ან რომელთა ქონება იქნება დაყადაღებული, თუ ასეთი არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა ტიპის ფინანსური და ქონებრივი ტრანზაქციები იქნება შეჩერებული ჩვენი პარტნიორების ტერიტორიაზე. ეს არის ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას შეუძლია შეიმუშაოს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩადიან მსგავს დანაშაულებებს, სანამ კიდევ გაიმეორებენ ან ახალს ჩაიდენენ დაფიქრდნენ უღირთ თუ არა გარისკვა და ამ სიაში მოხვედრა. ეს არის ჩვენი რეზოლუციის იდეა. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის პარლამენტმა უპასუხოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუციით და ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობდეს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ყველა ვხელმძღვანელობდეთ სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესებით." - ამბობს სერგი კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობენ. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და რუსეთი ცხედრის "სიღრმისეულ ექსპერტიზას" ატარებს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები