რუსეთი

აშშ-ში რუსეთის საელჩოსთან უკანონო, დაქსეროქსებული პარკირების ნიშნები ჩამოხსნეს

Twitter/ Ted Nortrop

აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის სატრანსპორტო დეპარტამენტმა Tunlaw Road-ზე, სადაც რუსეთის ფედერაციის საელჩო მდებარეობს, საპარკინგო ჯავშნის ნიშნები მოხსნა, რადგან ისინი არაოფიციალურად, ქსეროქსის მანქანით იყო გაკეთებული. საელჩოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავად არაფერ შუაში არიან. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს. 

ქსეროქსით გაკეთებულ განცხადებაზე ეწერა, რომ 28 თებერვალს დღის 12 საათიდან შუაღამემდე პარკინგი დაჯავშნილი იყო. პირველად ეს განცხადება მოქალაქე ტედ ნორთროპმა შეამჩნია, რომელმაც აღმოაჩინა, რომ Tunlaw Road-ზე 26 თებერვალს სატრანსპორტო დეპარტამენტის მიერ დამაგრებულ საგზაო ნიშნებზე, პარკინგის ჯავშანი მხოლოდ 4 ადგილს ეხებოდა.

ამასთან, დაქსეროქსებული განცხადებები ბოძებზე იყო მიკრული, რაც ისეთი ქუჩისთვის, როგორიც Tunlaw Road-ია, საკმაოდ უცნაურია. 

"როგორც ჩანს, რუსეთის საელჩომ პარკირება 4 მანქანისთვის დაჯავშნა... შემდეგ კი საგზაო ნიშნები დააკოპირა და მთელი კვარტალი აიტაცა". 

ნორთროპმა Twitter-ის პოსტზე ვაშინგონის მერთან ერთად, ქალაქის სატრანსპორტო დეპარტამენტიც მონიშნა, რომელმაც მეორე დღეს მას ოფიციალურად უპასუხა. უწყებამ მოქალაქეს დაუდასტურა, რომ საგზაო ნიშნები Tunlaw Road-ზე უკანონოდ იყო განთავსებული: 

"თქვენ მართალი ხართ. საგზაო ნიშნები უკანონოდ იყო განთავსებული. დღეს სატრანსპორტო დეპარტამენტის ინსპექტორმა უკანონოდ განთავსებული ნიშნები ჩამოხსნა". 

პარკირების ჯავშნის დროებითი ნიშნები ვაშინგტონის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაიცემა მაშინ, როდესაც კერძო პირს ან ორგანიზაციას გარკვეული დროის მანძილზე სჭირდება პარკირება ტვირთის გადასაზიდად, ასევე, მგზავრების გადაყვა-გადმოყვანისთვის. მაგალითად, კონკრეტულ ღონისძიებაზე. ამისათვის თქვენ ერთერთ კომერციულ კომპანიას უნდა მიმართოთ, რომელიც შესაბამის მომსახურებას გაგიწევთ. ტედ ნორთროპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ნიშნებზე წერია, რომ პარკირების ჯავშანი რუსეთის საელჩოსთან კომპანია Atlantic-მა გააკეთა. აღნიშნული მომსახურების შემკვეთი კი, ნიშნებზე მითითებული არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩოში გასულ წელს ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე საელჩოს წარმომადგენლებს არაერთხელ უსარგებლიათ Atlantic-ის მომსახურებით. 

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პრესსპიკერმა ნიკოლაი ლახონინმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, რომ საელჩო გარე პარკირებით არ სარგებლობს. მედიის კითხვაზე, იყო თუ არა28 თებერვალს საელჩოში რაიმე სახის ღონისძიება დაგეგმილი, რომელსაც Tunlaw Road-ზე პარკირების დაჯავშნა სჭირდებოდა, ლახონინმა უპასუხა, რომ ამ დღეს საელჩოში ამერიკელი სტუდენტებისთვის ფილმის "რომანოვების დინასტიის დაცემა" ჩვენება უნდა შემდგარიყო. 

28 თებერვლის დილას ისტორიას გაგრძელება მოყვა: სატრანსპორტო დეპარტამენტის მიერ ჩამოხსნილი ნიშნების მაგივრად, იმავე ადგილზე, ახალი ნიშნები გაჩნდა, თუმცა ამჯერად სხვა საიდენტიფიკაციო ნომრით. 

"ნიშნები დაბრუნდა. როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთხხელ გააკეთეს ისინი და უფრო მეტი ნიშანი დაკიდეს ამ დილით. წესით, როგორც მინიმუმ, 3 დღით ადრე არ უნდა იყოს განცხადება განთავსებული? ამას გარდა, ნიშნებზე წერია, რომ ისინი 22 თებერვალსაა დაბეჭდილი, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ დღემდე ისინი იქ არ ყოფილა". 

ნორთროპის მორიგ პოსტზე სოციალურ ქსელში სატრანსპორტო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "სიტუაციაში გაერკვეოდა". 

კომპანია Atlantic-ის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ჟურნალისტს უთხრა, რომ მედიასთან კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს და კორესპონდენტს ურჩია, რუსეთის საელჩოსთვის მიემართა.

კომენტარები