პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტმა დაძლია.

"საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში და შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში. კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პარლამენტმა იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე, არ გაიზიარა ისინი. პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და მხარი დაუჭირა. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის უარის შემდეგ, კანონპროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს, რის შემდეგაც, კანონი ძალაში შევა.

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები