ქართულენოვანი წარწერები

კალაძე: მიუღებელია, რომ ჩვენს ენას არ იყენებენ აბრებზე, კანონს გავამკაცრებთ

თბილისის მერია

"პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ენას და დამწერლობას, და ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, სხვასაც მოვთხოვოთ" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ობიექტს აქვს ვალდებულება, ქართულენოვანი წარწერებიც განათავსოს, თუმცა, ამას არ ასრულებენ. კალაძემ მოადგილეებს ჯარიმების გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაავალა.

"რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში დავათვალიერეთ რამდენიმე ქუჩა, სადაც წავაწყდით პრობლემებს. არამხოლოდ კონკრეტულ ქუჩებზე, არამედ ზოგადად დედაქალაქშია ეს პრობლემა. მხედველობაში მაქვს აბრებზე ქართული წარწერები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და ყველა ობიექტს აქვს ქართულენოვანი წარწერების განთავსების ვალდებულება, ეს არ სრულდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯარიმებიც საკმაოდ დაბალია და ზოგადად დაჯარიმების პროცედურა რთული და გრძელვადიანია.

მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები დაჯარიმებებთან დაკავშირებით და პარლამენტს გადაეგზავნოს, პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები. მიუღებელია, რომ ჩვენი ენა არ არის გამოყენებული აბრებზე, რისი ვალდებულებაც აქვს თითოეულ მათგანს" - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმითვე, მან უკვე დაავალა ზედამხედველობის სამსახურს, "მისცეს ყველა ამ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს გონივრული ვადა, რომ ეს ყველაფერი გამოსწოროს და მგონია, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება".

ცნობისთვის, საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ არეგულირებს იმას, რომ დაწესებულებებსა თუ სხვა საჯარო სივრცეებზე წარწერა მითითებული იყოს ქართულ ენაზე.  

კომენტარები