არჩილ ტატუნაშვილის საქმე

სუს: ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალები გაგზავნეს

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მოკლული ტატუნაშვილის საექსპერტო მასალები რუსეთშია გაგზავნილი, თუმცა ცხედარი ცხინვალში რჩება.

"დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ცხედარი იმყოფება ცხინვალში და მხოლოდ საექსპერტო მასალები არის გაგზავნილი რუსეთის ფედერაციაში, ამიტომ არსებითად ამ მხრივ მოცემულობა არ შეცვლილა. უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც მთლიანად ცენტრალური მთავრობა, აკეთებს ყველაფერს, რომ ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს რაც შეიძლება მალე. ხოლო ის ორი ადამიანი, რომელიც კვლავაც იმყოფება უკანონოდ ოკუპირებულ ახალგორში, გადმოვიყვანოთ ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,"- თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ.

ქემოკლიძის განცხადებით, "შევახსენებ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული პირის დაკავება და ცხადია, მისი გასამართლება ქართული კანონმდებლობით".

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმურ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს. მათ მიზეზად რუსეთში ჩასატარებელი ექსპერტიზა დაასახელეს.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები