ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

ცესკო
ცესკო

N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანსა და ხონში) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, შუალედური არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ქართული ოცნების სახელით კი, ინტერპრესნიუსის არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, კენჭი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ იყაროს. ამ დროისთვის, უცნობია სხვა პარტიების კანდიდატები.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები