აზიური ფაროსანა

უგულავა ფაროსანაზე: გამოსაცხადებელია ტოტალური ბრძოლა და საგანგებო მდგომარეობა

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას შეფასებით, უკვე ორი წელია, ხელისუფლება ფაროსანასთან ბრძოლას ეფექტურად ვერ ახერხებს. მისი თქმით, "საქართველოს მთავრობის გეგმა აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას."

"გასულ წელს, ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს მოქალაქეებსა და ეკონომიკას, ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო, წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. საქართველოს მთავრობის გეგმა არის მხოლოდ ზერელე და მათ არ აქვთ გასიგრძეგანებული იმ კატასტროფული პრობლემის მნიშვნელობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით, სოფლის მცხოვრებლები არიან"- თქვა უგულავამ.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის თქმით, პრობლემა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, არის ურთულესი და მას სჭირდება "ტოტალური ბრძოლა."

"გამოსაცხადებელია ტოტალური ბრძოლა და საგანგებო მდგომარეობა მთელ იმ რეგიონებში, სადაც ამის ალბათობა დღეს არის მაღალი. საგანგებო მდგომარეობა ზუსტად ისე, როგორც იყო ბორჯომში, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება შეკავება და ჩვენ გაისად და შემდეგ ეს პრობლემა შეიძლება მივიღოთ ქართლში, სადაც ვაშლის მოსავალს ემუქრება დიდი საფრთხე და შემდეგ უკვე კახეთში, ყურძნის მოსავალს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ "ფაროსანა უბრალოდ მწერია და მასზე ამხელა ყურადღება გადაჭარბებულია."  

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან 2017 წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც.

კომენტარები