სირია

სირიაში, სამთავრობო ძალების წარმოებულ დაბომბვას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Abdulmonam Eassa/AFP

სირიაში, სახელისუფლებო ძალების მიერ წარმოებულ ინტენსიურ დაბომბვებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დამასკოსთან ახლოს, აღმოსავლეთ ღუტაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორის 126 ბავშვია. დაჭრილი და დაშავებულია 2 400 ადამიანი, ათობით მათგანი კი ნანგრევებშია მოყოლილი. 

ინფორმაციას ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს".

აღმოსავლეთ ღუტა ბოლო ტერიტორიაა დამასკოს აღმოსავლეთში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ტერიტორია ბაშარ ალ ასადის ძალებს 2013 წლიდან ალყაში აქვს მოქცეული. სირიის სამთავრობო ძალებს ზურგს რუსეთი უმაგრებს.

თუმცა, გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციის პროექტის მიღებას აჭიანურებს. დოკუმენტი, რომელიც ქუვეითმა და შვედეთმა შეიმუშავეს, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს, რათა ტერიტორიაზე დახმარების შეტანა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხერხდეს. 

სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაეროში, სტეფან დე მისტურამ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის სასწრაფო და გადაუდებელი ზომა, რათა შეწყდეს აღმოსავლეთ გუტას საშინელი დაბომბვა. 

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენჟიამ კი თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

დასავლელი დიპლომატები მოლაპარაკებების გაჭიანურებაში სწორედ რუსეთს ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ რუსეთს სურს, დრო მისცეს სირიის ხელისუფლებას მიიტანოს საბოლოო, გამანადგურებელი იერიში დამასკოსთან ახლოს მდებარე ანკლავის მცველებზე.

აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ რუსეთის ამ ქმედებებს დაუჯერებელი უწოდა. 

"დაუჯერებელია, რომ რუსეთი აბრკოლებს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც სირიასსთან ჰუმანიტარულ წვდომას გააადვილებს. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, სანამ უშიშროების საბჭო კენჭისყრაზე შეთანხმდება? მოდი, გავაკეთოთ ეს დღეს ღამით, სირიელ ხალხს მოცდა არ შეუძლია", - დაწერა ნიკი ჰეილიმ ტვიტერზე. 

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭისყრას დღეს, 24 თებერვალს გეგმავს. 

კომენტარები