არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ომბუდსმენის ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ამასთან, სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

ომბუდსმენი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, გარდაცვლილი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს, ასევე სასწრაფოდ გაათავისუფლოს ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგორში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა. ისინი ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს.

Sputnik Ossetia, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ "ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და მას კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს". 

მოგვიანებით გარდაცვალების მიზეზად საოკუპაციო რეჟიმმა ინფარქტი დაასახელა.

კომენტარები