არჩილ ტატუნაშვილის საქმე

საგარეო: ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცემის შედეგად გარდაცვალების ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მოხდეს შესაბამისი დროული რეაგირება, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.

რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს,"- წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რათა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.

2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. 

Sputnik Ossetia-ს ცნობით, დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში აცხადებენ, რომ "ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და მას კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს". საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები