ვიზალიბერალიზაცია

უვიზო რეჟიმის დარღვევისთვის, გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

Reuters

გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. გერმანიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ქვეყანა დაატოვებინეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები დაარღვიეს. 

"განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - უთხრეს საკონსულოში ინტერპრესნიუსს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მხარის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრი იოაჰიმ შტამპი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს. შტამპის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. 

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ვიზალიბერალიზაცია არ გულისხმობს მუშაობის უფლებას და არც ხანგრძლივად დარჩენას ითვალისწინებს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა, მეგობრების და ახლობლების მონახულება შეგიძლიათ ყოველ 180 დღეში 90 დღის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში ყოფნის 90-დღიან რეჟიმს დაარღვევს, ის ავტომატურად ჩაითვლება არალეგალად, ემუქრება 5-წლიანი დეპორტი და შესაძლოა, 3 000 ევროთიც დაჯარიმდეს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებას აპირებს და თუ ახლა არალეგალებს თავიანთი ხარჯებით არ უწევთ რეადმიისიის ფარგლებში ქვეყანაში დაბრუნება, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თავად მოუწევთ საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთის შეძენა.

ამასთან, ბოლო პერიოდში გახშირდა ევროკავშირის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების ჯგუფურად გამობრუნების შემთხვევები. რა შემთხვევაში შეიძლება გამოგაბრუნოთ მესაზღვრემ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები