ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ამასთან, პარტია ითხოვს, ქუმსიშვილისა და ყოფილი ვიცეპრემიერის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. 

პარტია მოთხოვნებს ტელეკომპანია პირველის ირგვლივ არსებულ გარემოებებს უკავშირებს. ტელეკომპანიის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა 16 თებერვალს თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან "მოდიოდა სიგნალები", რომ ტელეკომპანია პირველს "თავისი შინაარსი შეეცვალა".

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აღნიშნული მოთხოვნებით პარტია პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. 

"მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში განვითარებულ ძალიან სახიფათო მოვლენას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მედიაპლურალიზმსა და კრიტიკულ აზრზე თავდასხმას უკავშირდება. ვგულისხმობ ტელეკომპანია პირველის მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეკეტს, რომელსაც საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, ყოფილი ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ახორციელებენ. ისინი არიან ივანიშვილის პირადი რეიდერები. ეს ადამიანები ტელეკომპანიის მფლობელებს აძალებდნენ, რომ წილი სხვისთვის დაეთმო, რომელიც ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა,"- განაცხადა დეკანოიძემ. 

კომენტარები