ყაჩაღობა

შსს: ბოლო ერთ კვირაში ყაჩაღობის 5 და ქურდობის 8 ფაქტი გავხსენით

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5 ფაქტი გაიხსნა. გარდა ამისა, იმერეთში გახსნილია ჯგუფური ყაჩაღობის 1 ფაქტი და ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი.

"კერძოდ, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს. ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს." - განაცხადეს შსს-ში.

უწყებაში დღეს ბოლო კვირაში გახსნილი ქურდობის ფაქტებზეც გაავრცელეს ინფორმაცია. შსს-ს ცნობით, ქურდობის 8 ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, კერძოდ: იმერეთში - 2, აჭარაში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 5. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.

 

კომენტარები