ენერგეტიკა

ბაქოში TANAP-ის მინისტერიალი დაიწყო, 2019-დან საქართველო შაჰ-დენიზი II-ის გაზს მიიღებს

ბაქო, აზერბაიჯანი
Getty

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალის სხდომა გახსა. მინისტერიალს საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრება. მინისტერიალს TANAP-ის, TAP-ისა და სამხრეთის გაზის კორიდორის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი ესწრება.

"სამხრეთის გაზის კორიდორით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

შაჰ დენიზის მეორე ფაზა:

"სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის“ ღირებულება, დაახლოებით $4.9 მილიარდია. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობების სავარაუდო ღირებულება $2 მილიარდს უტოლდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილია 2018 წელს. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემა“ დაუკავშირდება დაგეგმილი სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელ მილსადენებს - „ტრანსანატოლიის მილსადენს“ (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც, თავის მხრივ, 1900 კმ-თ დაშორებულ „ტრანსადრიატიკის მილსადენს“ (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტების რეალიზაცია საშუალებას იძლევა, აზერბაიჯანული, მომავალში კი, შესაძლოა, კასპიის სხვა საბადოების გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდოს თურქეთისა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს.

რამდენ ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო

პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მილიარდი მეტრ კუბი, ხოლო პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე. შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, „სოციალური“ სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება (2026 წლის შემდეგ წყდება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ „შაჰ-დენიზის“ საბადოს „დამატებითი“ გაზის ხელშეკრულება, რაც მისი ჩანაცვლების უზრუნველყოფას მოითხოვს).

საქართველო, აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების პირველი ფაზის ფარგლებში, გაზს იღებს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ (ცნობილია, როგორც „ბაქო- თბილისი-ერზრუმი“) ე.წ. „ოფციურ“ და „დამატებით“ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. „ოფციური“ გაზის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მოცულობის მიხედვით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2068 წლამდეა განსაზღვრული. დამატებითი გაზის მოცულობა ფიქსირებულია და ხელშეკრულების საფუძველზე (მოქმედების ვადა - 2026 წლამდე) ქვეყანაში წლიურად 500 მილიონი მეტრ კუბი უნებრივი გაზი შემოდის. „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის მყიდველად საქართველოს მთავრობის მიერ ნომინირებულია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ), რომელსაც აღნიშნული გაზის ყიდვა- გაყიდვაზე გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები.

2016 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის წილმა საქართველოს მთლიან მიწოდებაში - 59%, „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებულმა - 35%, „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“ ტრანზიტის მომსახურების საფასურად მიღებულმა მოცულობამ - 5%, ხოლო ადგილობრივმა რესურსმა - 0.3% შეადგინა

კომენტარები