განზრახ მკვლელობა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ოზურგეთში მცხოვრებ პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.შ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მას 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 5 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრებ ჯ.შ.-ს შელაპარაკება მოუვიდა მ.ღ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ბრალდებულს რამდენჯერმე მოუქნია ხის ხელკეტი. უწყების ინფორმაციით, ამით განაწყენებულმა ჯ.შ.-მ განხზრახ მოკვლის მიზნით მ.ღ.-ს გულმკერდის არეში დანა დაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებების შედეგად, მ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცავებმა ჯ.შ. 2017 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დააკავეს.

კომენტარები