დისკრიმინაცია

ლევან ვასაძე ბოდიშს ითხოვს - "ჩვენი ჯიბით დაფინანსებული სტიპენდია ჩვენი უფლებაა"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის სკოლამ სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა, ამ საკითხზე სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათივე ფულით დაფინანსებული სტიპენდია მათი უფლებაა.

ომბუდსმენმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში დისკრიმინაციის საკითხი ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "საფარის" განცხადების შემდეგ შეისწავლა და ვასაძის ოჯახის სკოლას თანასწორობის დაცვისკენ მოუწოდა.

ლევან ვასაძის განმარტებით, კლასში მხოლოდ ერთი ბიჭი იყო და სტიპენდია შემადგენლობის დაბალანსების მიზნით გამოაცხადეს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ანალოგური სტიპენდია გასულ წელს გოგონებისთვისაც დაწესდა.

"ე.წ. სახალხო დამცველი დაესხა ჩვენს სკოლას თავს და დაგვდო ბრალი გოგოების დისკრიმინაციაში. მას უმალვე მხარი აუბა ჩვენმა ლიბერალურმა სასიქადულო მედიამ. რა არის, რომ შარშან ჩვენი სკოლის დირექციას ერთ-ერთი კლასისთვის, სადაც მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ და დანარჩენი გოგოები, გამოუცხადებია თურმე სტიპენდია, რომელსაც ჩვენი ფულით ვუხდით, ბიჭების მისაღებად, რათა კლასის შემადგენლობა ცოტათი დაებალანსებინათ და ის ბიჭი მარტო არ მჯდარიყო ამდენ გოგოში. [...] ამგვარ სტიპენდიებს ჩვენი სკოლა რეგულარულად აცხადებს. მაგალითად, ზუსტად წინა წელს, ერთ კლასში საპირისპირო სიტუაცია იყო, მხოლოდ ერთი გოგო იჯდა ბევრ ბიჭთან ერთად. მაშინაც თურმე დირექციას გამოუცხადებია სტიპენდია მხოლოდ გოგონების მისაღებად ამ კონკრეტულ კლასში შემადგენლობის დასაბალანსებლად. მაგრამ ამან როგორცა სჩანს, ამან არ გამოიწვია ქალბატონი ბაიას ფემინისტური რეაქცია და იგი ბიჭებს არ გამოესარჩლა. აი, გოგოების ე.წ ჩაგვრაზე კი მან ენა მიიტანა ე.წ. სახალხო დამცველთან. ანუ, მისივე მყრალ ენაზე რომ ვთქვათ, მან თავად მოახდინა ბიჭების დისკრიმინაცია, რადგან ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოესარჩლა ჩვენ მიერ მათ ე.წ. ჩაგვრას", - აცხადებს ვასაძე.

მისივე თქმით, "საფარის" ხელმძღვანელმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ფეისბუქზე უცენზურო სიტყვა მიწერა, თუმცა სახალხო დამცველს ამაზე არაფერი უთქვამს. ბიზნესმენი ომბუდსმენისგან სკოლის შეურაცხყოფისთვის და მისი იმიჯისთვის ზიანის მიყენებისთვის საჯარო ბოდიშს ითხოვს.

"მივიღეთ სახალხო დამცველის დასკვნა, რომელშიც ის ჭკუას გვარიგებს რაღაც გენდერული სტერეოტიპების წახალისებაზე. რა უბედურებაა ეს ჩიტების ენა, რომელსაც გვასწავლიან ესენი ასე დაჟინებით, როგორც ამას მანამდე ბოლშევიკები აკეთებდნენ. [..] ქალბატონო ე.წ. სახალხო დამცველო, რადგან თქვენ, თქვენივე წინამორბედის მოთხოვნის შემდეგ არ იღეთ ყურად ჩვენი სკოლის მიერ თქვენი სამსახურისადმი წარდგენილი განმარტებები, რომლის მოცემის ვალდებულება ჩვენ არც კი გვქონდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ გდომებიათ სიმართლის გარკვევა და აგრძელებთ უდღეური წინამორბედის ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკას. მე მესმის, რომ თქვენი დანიშვნის პროცედურა პირადად აწწარმავალი ლიბერალი ამერიკელი ეჩის, ბატონი იან კელის უშუალო ჩარევით ხდებოდა. მაგრამ, გაგიკვირდებათ და, ეს არ გხდით თქვენ არც ჩვენს უფროსად, არც ჩვენი სიტყვისა და ქცევის თავისუფლების პოლიცარიდ და არც საერთოდ რაიმე სახის ავტორიტეტად ჩვენს თვალში. პირიქით, ამგვარი თავხედური ნაბიჯით, ამ უზრდელი და გაუნათლებელი ქალბატონის პროვოკაციაზე აყოლით, თქვენ ისეთივე ჩამოწერილი ბრძანდებით ჩვენთვის, როგორიც იყო თქვენი წინამორბედი, ბატონი უჩა ნანუაშვილი. მე მოვითხოვ თქვენგან საჯარო ბოდიშს ჩვენი სკოლის შეურაცხყოფისთვისა და მისი იმიჯისთვის ზარალის მიყენებისათვის", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენი ასევე ითხოვს სახალხო დამცველმა გამოასწოროს საქმიანობა და სასწრაფოდ დაიწყოს ქართველი ხალხის დაცვა "სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი ეთნოციდისგან". ვასაძე ამბობს, რომ სანამ ეს არ მოხდება, ნინო ლომჯარიას არ აქვს უფლება ერქვას სახალხო დამცველი, ის ე.წ. სახალხო დამცველია და ყველა ის ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, ვინც მას ამ წინასართის გარეშე მოიხსენიებს, ავტომატურად ჩაითვლება "იმ ბარბაროსული უსამართლობისა და სისასტიკის თანამოზიარედ, რომელიც ჩაიდინა ჩვენს ამ გაწამებულ ქვეყანაში ლიბერალურმა იდეოლოგიამ".

შეგახსენებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის ოჯახს ეკუთვნის, სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა.

"კავშირ "საფარის" განცხადების თანახმად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას" - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ "სასწავლებლის არგუმენტით, სტიპენდია ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას".

სახალხო დამცველის შეფასებით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებულია.

კომენტარები