ბადაგონის საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: "ბადაგონში" ჩხრეკა არ ჩატარებულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

კომპანია "ბადაგონის" საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით შპს "ბადაგონის" წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით მათ კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედმა" მიმართა. მათი განცხადების შესწავლის შემდგომ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დოკუმენტების ამოღების და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე განჩინებები გასცა.

საგამოძიებო სამსახურის ბრიფინგზე დააკონკრეტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ განჩინება შპს "ბადაგონიდან" 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას ითვალისწინებდა, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "ბადაგონის" სათაო ოფისიდან მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე) ამოიღეს. კომპანიის ოფისიდან ასევე გამოითხოვეს ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა.

ბრიფინგზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შპს "ბადაგონში" ჩხრეკა არ ჩატარებულა და რომ ზემოაღნიშნლ საგამოძიებო ქმედებებს "ბადაგონის" საქმიანობის შეფერხება ან შეჩერება არ გამოუწვევია. ასევე აღინიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა.

შეგახსენებთ, რომ როგორც 7 თებერვალს გახდა ცნობილი, ღვინის მწარმოებელ კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებამ საქმე "ბადაგონის" ყოფილი მეწილის კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" სარჩელის საფუძველზე აღძრა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს "ბადაგონის" მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,"ბადაგონის" ყოფილი მეწილის, კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" წარმომადგენლის განცხადება", - ეწერა თავდაპირველ განცხადებაში.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი" "ბადაგონის" 60%-იან წილს ფლობდა. 2015 წლის 6 იანვარს გრაკოროს წილი 50%-მდე შემცირდა. 2015 წლის 28 იანვარს კი ბადაგონის 100%-იანი წილის მფობელი გიორგი სალაყაია გახდა. დავა სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მომხდარ წილის გადაფორმებას ეხება.

კომენტარები