ბადაგონის საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო: "ბადაგონში" გამოძიება წარმოებას არ აფერხებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. 

"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს "ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშუალოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას." - ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტებს და ელექტრონულ ინფორმაციას იღებენ, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.

"აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი." - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც 7 თებერვალს გახდა ცნობილი, ღვინის მწარმოებელ კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებამ საქმე "ბადაგონის" ყოფილი მეწილის კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" სარჩელის საფუძველზე აღძრა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს "ბადაგონის" მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,"ბადაგონის" ყოფილი მეწილის, კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" წარმომადგენლის განცხადება", - ეწერა თავდაპირველ განცხადებაში.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი" "ბადაგონის" 60%-იან წილს ფლობდა. 2015 წლის 6 იანვარს გრაკოროს წილი 50%-მდე შემცირდა. 2015 წლის 28 იანვარს კი ბადაგონის 100%-იანი წილის მფობელი გიორგი სალაყაია გახდა. დავა სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მომხდარ წილის გადაფორმებას ეხება.

კომენტარები