სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სასამართლო განხილვებს დაესწრება

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დახურულ სასამართლო განხილვებს დაესწრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.

"საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არასრულწლოვან ბრალდებულთა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2018 წლის 7 თებერვალს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა მოცემული მიმართვა და სახალხო დამცველს პროცესზე დასწრების უფლება მისცა. სახალხო დამცველი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას მნიშვნელოვნად პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს მართლმსაჯულების მიმართ ნდობის ამაღლების მიზნებისთვის.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი სისტემატიურად მიადევნებენ თვალყურს საქმის განხილვას და როგორც ნეიტრალური სუბიექტი, დააკვირდება სასამართლო პროცესს", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულია.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები