მკვლელობის მომზადება

შსს: მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა." - წერია შსს-ს განცხადებაში. 


გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები